საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება დაიწყო – შავიზღვისპირეთს, სულ მალე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი Pontus Rotana Resort & Spa Gonio შეემატება, რომელიც მაღალი კლასის უძრავი ქონების პროდუქტია Pontus Development-ის შესრულებით და რომელიც გონიოს სანაპიროზე, პირველ ზოლში შენდება.
პროექტი საერთაშორისო ბრენდ Rotana Hotel Management Corporation-სთან პარტნიორობით ხორციელდება და მისი მეშვეობით ამ პრესტიჟული ბრენდის საქართველოში შემოსვლას ჩაეყარა საფუძველი, რაც ჩვენი ქვეყნის ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საფეხურია.
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. იდეის ავტორებმა ჩანაფიქრის ეტაპიდანვე ამბიციური მიზანი დაისახეს – 4.5 ჰექტარზე მოწყობილი, 28 სართულიანი, 546 ნომერზე გათვლილი Pontus Rotana Resort & Spa შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი კომპლექსი იქნება, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურით, დიზაინით, სერვისითა და სტანდარტებით. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მილიონი აშშ დოლარია და მას Geverse Construction აშენებს.
ვინაიდან სასტუმრო Rotana-ს ქსელისაა, მშენებლობაც მათი სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც სასტუმროს სფეროში, დღესდღეობით, უმაღლეს სტანდარტად ითვლება. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის მასალა, რომელიც მშენებლობის, მოპირკეთებისა თუ მოწყობის ეტაპზე გამოიყენება, უმაღლესი ხარისხისაა, ენერგოეფექტურია და გრძელვადიან მოხმარებაზეა გათვლილი.
შენობის მედეგობასა და სიმყარეს უზრუნველყოფს 15 მეტრიანი ხიმინჯების სისტემაზე დაფუძნებული საძირკველი, რომელსაც ბალიშოვანი მოწყობა კიდევ უფრო ამყარებს. საძირკველში გამოყენებულია ინგლისური ბრენდის საიზოლაციო მემბრანა, რომელიც წყლის შეუღწევადობას უზრუნველყოფს და ბეტონს დაზიანებისგან იცავს. აგრეთვე, ზრდის შენობის მდგრადობას დატვირთვის მიმართ და პასუხისმგებელია სეისმურ აქტივობებთან გამკლავებაზე.
შენობა მონოლითურ კარკასზე დგას, რაც მას დამატებით სიმყარეს სძენს. რკინა-ბეტონის კარკასი, ერთიანი ფილის დასხმის პრინციპით, გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში 5,5 ბალზე მძლავრი მიწისძვრა არასოდეს დაფიქსირებულა და ამავდროულად, რეგულაციები სამშენებლო კომპანიებს 7 ბალიან მედეგობას ავალდებულებს.
ვერტიკალური ელემენტების – სვეტების, დიაფრაგმებისა და შახტებისათვის გამოყენებულია ავსტრიული წარმოების საყალიბე სისტემა Ringer, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია და საყალიბე მასალის მწარმოებელ ევროპულ ბრენდებს შორის, ხარისხითა და პრაქტიკულობით, პირველ ადგილს იკავებს. ჰორიზონტალური ელემენტების ყალიბის მოსაწყობად კი გამოყენებულია H ტიპის ხარაჩოები და ევროპული ბრენდის, PFEIFER-ის წარმოების კოჭები, რითაც ჰორიზონტალური ფილების მაქსიმალური სისწორე მიიღწევა.
პროექტის ხელმძღვანელების მიზანია მშენებლობისას მაქსიმალურად ენერგოეფექტური მასალა იქნას გამოყენებული, რაც დამსვენებლებს კომფორტული კლიმატით სიამოვნების, სასტუმროს მენეჯმენტს კი კომუნალური ხარჯების, შესაბამისად ენერგიების დაზოგვისა და გარემოს დაბინძურების თავიდან არიდების შესაძლებლობას მისცემს.
სასტუმროს ნომრების კომპლექტაცია განისაზღვრება ინტერიერის დიზაინერების მიერ Rotana-ს სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული გათვალისწინებით. ნომრების ტიპებია – King, Twin, Junior suite, 1-საძინებლიანი და 2- საძინებლიანი. აგრეთვე, გათვალისწინებულია შშმ პირებზე სრულად მორგებული ადაპტირებული ოთახები, რომელშიც ავეჯის განლაგება და ინტერიერის ელემენტები შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დაცვითაა შერჩეული.
ფასადში ჭარბობს მინის ელემენტები, შუშის მოაჯირები და პანორამული საფასადო სისტემა ზღვის მხარეს. აივნებზე დაგეგმილია სლაიდ სისტემის ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟი. შენობის ქვედა სართულებზე გამოიკვეთება თეთრი დეტალები, რომლებიც შესრულდება მაღალი ხარისხის დეკორატიული ალუმინის კომპოზიტური პანელისგან. ფასადი აგრეთვე მოპირკეთდება უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ფილებით, რაც მსგავსი ტენიანობისა და ნალექიანობის მქონე ტერიტორიებისთვის მოპირკეთების ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტაა.
საერთო სივრცეები როტანას ბრენდის ინტერიერისა და F&B დაგეგმვის გუნდთან ერთად მოეწყობა. სასტუმრო კომპლექსი მრავალფეროვანი შეთავაზებებით დააკმაყოფილებს ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანის მოთხოვნებს. დამსვენებლები ისარგებლებენ შემდეგი ინფრასტრუქტურული ბენეფიტებით:
- კერძო სანაპირო;
- ღია აუზი;
- დახურული აუზი;
- ფიტნეს ცენტრი;
- რუფტოპ ტერასა;
- სპა;
- შოპინგ-ზონა;
- კაზინო;
- კეთილმოწყობილი ეზო მოსასვენებელი სივრცეებით;
- ბაღი;
- საბავშვო ზონა;
- რესტორნები;
- ბარები;
- საკონფერენციო დარბაზები;
- ტერასული სტილის ჩასასვლელი ზღვის სანაპიროზე;
- სრულად ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის.
კომპლექსის უდიდესი უპირატესობა მისი მდებარეობაა – სიახლოვე ყველა იმ წერტილთან, რომელთან ხელმისაწვდომობაც აჭარის რეგიონში ჩასული დამსვენებლისთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს: ბათუმის ცენტრი (15 წუთის სავალ მანძილზე), თურქეთ-საქართველოს საზღვარი (10 წუთის სავალი მანძილით დაშორებული), ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი (7 წუთის სავალზე), ტურისტული პუნქტები, სავაჭრო და გასართობი ობიექტები და ა.შ.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს უნიკალური ლანდშაფტი და ბუნება, რომლითაც გონიო გამორჩეულია. იდეალური კლიმატი, სუფთა წყალი, მთის და ზღვის კომბინაცია მაქსიმალურ სიამოვნებას სთავაზობს ისეთ ადამიანებსაც, რომელთათვისაც მთაში დასვენებაა უფრო სასურველი და ისეთებსაც, რომლებიც უპირატესობას ზღვას ანიჭებენ. ეს ფაქტორი კურორტს და კომპლექსს წლის ნებისმიერ მონაკვეთში მიმზიდველსა და მოთხოვნადს ხდის.